ერთი წელი და ცოტა მეტი: სამხრეთ ოსეთი. კოდა.

აპრილი, 2014 – ერთი წელი გავიდა მას მერე რაც ეთნოგრაფიული კვლევა ჩავატარე. შარშან ამ დროს ყოველდღიურად ჩავდიოდი სოფელი კოდის იძულებით გადაადგილებული პირების (იგპ) ჩასახლებაში, ვეკითხებოდი, ვიწერდი, ვიმახსოვრებდი, ვიცონოდი, მტკიოდა მათთან ერთად.

ახლაც, ვიცი, ბატონი მერაბი (60) სავარაუდოდ, ზის თავისი ჟურნალების ჯიხურში. მერაბმა მცირე ბიზნესის კურსი გაიარა და ჟურნალ-გაზეთების გაყიდვის ბიზნესი წამოიწყო. IMG_0540  შემოსავალი მცირე აქვს (“მცირე” ალბათ, ის სიტყვა აღარ არის, კვირაში 8-10 ლარს თუ გამოიმუშავებს), მაგრამ ამბობს, რომ აქამდე არაფერი ჰქონდა, და ეს ხომ უფრო მეტია ვიდრე სულ არაფერი? ჯიხურს დაარქვა “ლიახვი” იმისთვის რომ ხალხს არ დაავიწყდეთ თავიანთი სამშობლო მიწა-წყალი, ისინი ხომ დიდი ლიახვის ხეობიდან არიან. “ლიახვი” ჩასახლების ზუსტად ცენტრში დგას და მის გარშემო გამუდმებით იკრიბება ხალხი.

– წასაკითხი არაფერი გაქვს?  – შემორბის მეზობელი. მერაბი გაუწოდებს ახალ ჟურნალს. ამ კითხვით ხშირად მიდიან მეზობლები ითხოვებენ რამდენიმე საათით ჟურნალ-გაზეთებს და მერე უკან აბრუნებენ: “რა ვქნათ აბა, ხალხს შემოსავალი არ აქვს და ვერ ყიდულობენ” მიხსნის მერაბი.

“სავაჭრო გზებიც” იკვეთება მერაბის ჯიხურის გარშემო: დღის რაღაც მომენტში შემორბის ქალბატონი მარინა (43), მასაც ბიზნესი აქვს – წინდებს ჰყიდის. ცოტა ხნის წინ, ვიღაც მისულა მასთან და უნდოდა წინდების ყიდვა. მარინა სახლში არ იყო და ახლა ნერვიულობს, ვაითუ ის კაცი არ დაბრუნდეს და წინდები აღარ გაიყიდოს, ამიტომ, რამდენიმე წყვილს მერაბთან ტოვებს – “ეგებ მობრუნდეს და თუ ნახავ მიყიდე.” მერაბი იტოვებს წინდებს…

ლიკა (15) ალბათ, ცეკვაზე მირბის. ლიკა კოდის საჯარო სკოლაში მეათე კლასშია. მისი IMG_0456რამდენიმე კლასელი უკვე გათხოვდა. თვითონ ჯერ არ იცის რას გააკეთებს სკოლის დამთავრების მერე. დრო ბევრი აქვს, ამიტომ თუ რამე საინტერესო ხდება ჩასახლებაში ყველაფერში მონაწილეობს: დადის ცეკვაზე, ესწრება ქარგვის კურსებს კოდის სათემო განათლების ცენტრში. რა თქმა უნდა, მეც დამყვება კოდის სასაფლაოზე, სადაც ჩემი კვლევის მასალებს ვაგროვებ; საღამოს რაღაც თეატრი ჩამოდის დასახლებაში, დუმბაძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონს” დგამენ და იქაც აუცილებლად წავა. მეც პეპატიჟება. IMG_0522მე ვუარობ, სპექტაკლი გვიან არის და კოდა-თბილისის ბოლო “მარშუტკას” ვეღარ მივუსწრებ… ლიკა კოდორის ხეობიდან არის. კოდის იგპ-თა ჩასახლებაში სულ 20-მდე ოჯახია სვანეთიდან. ლიკა სწორედ იქიდანაა. სვანებს სულ სხვანაირი წესები აქვთ: “მაგათ სულ სხვა ტრადიციები აქვთ. მაგათთან ყველაფერი სულ სხვანაირად არის” ამბობს ნანა (40).

თონის უკნიდან ბოლი ამოდის, ანუ ქალები შეიკრიბნენ და პურს აცხობენ. რახან გაცხელებულ თონეში რამდენიმე წყებად შეიძლება ცომის ჩაკრობა, 3-4 ოჯახი ერთად იკრიბება და ერთ დღეს აცხობს პურს. თონეში პური არასდროს IMG_0528ჩამიკრავს. მივდივარ და ვთხოვ, რომ მასწავლონ. ქალებს თვალები უფართოვდებათ, როცა იგებენ რომ პურის გამოცხობა არ ვიცი. ნანა (40) რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, უხსნის რაშიც არის საქმე. ქალები ალმაცერად მიყურებენ… პურის ჩაკვრას ვერ ვახერხებ…

ეზოში ყმაწვილ-კაცების თაობები ნარდის დაფის გარშემო სხედან. ფოტოებს რომ ვუღებ იშმუშნებიან და უხერხულად მიღიმიან. არ მოსწონთ სიმშვიდეს რომ ვურღვევ.

IMG_0510       IMG_0536

ისევ ჯიხური “ლიახვისკენ” მივდივარ და ახლა ხნიერი კაცების ჯგუფს ვუახლოვდები:

პირველი კაცი: – აღდგომის მეორე დღეზე საფლავებზე ხო უნდა მივიდეთ???

მეორე: – პატრიარქმა ეგებ რამე მოგვიხერხოს წელს? რუსეთში რომ იყო იქაც წამოუყენებია ეს საკითხი და ვნახოთ აბა… IMG_0477

მესამე: – მასიურად ვინ შეგიშვებს იქ?

მეორე: თითო-ოროლა შეიძლება გაუშვან…

მესამე: თუ გაუშვებენ ყველა უნდა გაუშვან! შენ გყავს მკვდარი იქა და მე არა?

“მკვდარი იქით” მართლაც ყველას ჰყავს: მადონას (56) – მეუღლე, მერაბს (60) – მშობლები, ნანას (40) – შვილები… ‘ყველას უნდა საფლავზე მისვლა, ჭიქა ღვინოს წაქცევა, “გორობიას” (აღდგომის კვერცხების გაგორება და შეჯიბრი, ვისი უფრო შორს გაგორდება) თამაში, “აღარ გვინდა გოროხი, ახლა გვინდა ტალახი”-ის სიმღერა” იხსენებს 82 წლის ვახტანგი.

სამხრეთ ოსეთის საზღვარს იქით დარჩენილი მიცვალებულების საფლავები ჩემი კვლევის თემა და აღდგომის პერიოდში ჩასახლების მაცხოვრებლებში ერთ-ერთი ყველზე აქტუალური საკითხია.

საქმე ის გახლავთ, რომ მიცვალებულების საგნობრივი გამოხატულება მნიშვნელოვანია მათ შესახებ მეხსიერების შენარჩენუბაში. მიცვალებულის ოჯახის წევრები ქმნიან ფიზიკურ საგნებს, რომლებიც მიცვალებულების “ცხოვრებას აგრძელებს.” მიცვალებული ერთგვარად “გადაიქცევა” ისეთ საგნებად, როგორიც არის საფლავი, ფოტოები, წერილები, ან მისი კუთვნილი ნივთები. ამ “ტრანსფორმაციის” შედეგად ისინი აგრძელებენ საზოგადობის ნაწილად ყოვნას.

გარდაცვლილის სოციალური უკვდავების განმამტკიცებელია მის საფლავზე ყოველწლიურად სიარულიც. საფლავზე ხდება მიცვალებულის მოგონება: “თუ ჩვენ არ IMG_0545მოვიგონეთ ჩვენც არ მოგვიგონებენ” (ტარიელი, 65). ამასვე ასწავლიან ბაბუა-ბებიები
შვილიშვილებს. ანუ საფლავზე მისვლა მხოლოდ წარსული თაობის შესახებ ხსოვნას კი არ ამტკიცებს, არამედ ერთგვარი გარანტიაა ამჟამინდელი თაობისთვის, რომ მომავალი თაობაც გაიხსენებს მათ. ასეთი დამოკიდებულება ერთგვარ ხიდს აგებს თაობების ცვალებადობას შორის და ოჯახის ხაზის გაგრძელებასა და მის ხელახლა-დაბადებას უდებს საფუძველს.

აღდგომას საფლავზე მისვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ დღეს მიცვალებულებისა და ცოცხლების სამყაროებში ერთად აღნიშნება დღესასწაული. ჩემი რესპონდენტებისთვის, მიცვალებულების სულები დასაფლავების ადგილას, ანუ საფლავების სიახლოვეს რჩებიან. და აღდგომას, ცოცხლები სწორედ მათ სტუმრობენ. აღდგომა ცოცხლებისა და მკვდრების სამყაროებს შორის გადებული ხიდია.

სწორედ ამიტომ  კოდის იგპ-თა ჩსახლების მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანია აღდგომას თავიანთი მიცვალებულების “სახლებში” მისვლა, ჭიქა ღვინოს წაქცევა, “გორობიას” თამაში, “აღარ გვინდა გოროხი, ახლა გვინდა ტალახი”-ის სიმღერა….

მაგრამ დიდი ლიახვის ხეობა ახლა საზღვარს იქითაა, საფლავებიც და მკვდრებიც იქით დარჩათ… აქეთ, ჯიხური “ლიახვია,” კოდის იგპ-თა ჩასახლებაა, პურის ცხობისას თავს გადამხდარი სირთულები და ნარდის თამაშია… აქეთ მუდმივი ნოსტალგიაა… ზოგი შეეჩვია, ზოგიც ვერა, აქეთ ნოსტალგია და ცოტა იმედიცაა…

– ეგებ პატრიარქმა წელს რამე მოგვიხერხოს… ამბობენ, რუსეთში იყოო, და ვნახოთ აბა…”

(დახმარებისთვის ,კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა კოდის სათემო განათლების ცენტრების თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს ხატიას, მადონას, ნუნუს, ნანას, ჯემოს, ლიკას, თაკოს).

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

Leave a comment